NEXIA TA – წლის კომპანია საქართველოდან კვლავ მსოფლიო ყურადღების ქვეშ მოექცა

ნექსია თიეი-ს მმართველი პარტნიორები 18-20 აპრილს ნექსია ინთერნეიშენალის EMEA-ს (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკის ქვეყნები) რეგიონის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრნენ.

კომპანიაში განმარტავენ, რომ კონფერენციაზე ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთმანეთს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მიღებული გამოცდილება გაუზიარეს, ხოლო ნექსია ინთერნეიშენალის აღმასრულებელმა დირექტორმა კევინ არნოლდმა შეაჯამა ნექსიას ქსელის წარმატებული 2017 წელი, ისაუბრა ქსელის 13 %-იან წლიური ზრდისა და საერთაშორისო საბუღალტრო ბიულეტინის (IAB) რეიტინგში ტოპ ათეულში დაწინაურების შესახებ, ასევე განიხილა 2018 წლის პრიორიტეტული საკითხები და სამუშაო მიმართულებები.

„კონფერენციაზე შეჯამდა ნექსია ინთერნეიშენალის წევრი კომპანიების მიერ მიღწეული წარმატებებიც, რომელთა შორისაც ნექსია თიეი დასახელდა ერთადერთ კომპანიად რეგიონში, რომელიც ზედიზედ მეორე წელია ტოპ სამეულშია ზრდის მაჩვენებლის მიხედვით.

ყურადღების ქვეშ მოექცა ნექსია თიეის 2017 წლის ლოკალური და საერთაშორისო მიღწევებიც, „წლის კომპანიის“ ტიტული, ზრდის ტემპი ადგილობრივ ბაზარზე და ა.შ.“, – განმარტავენ კომპანიაში.

ნექსია თიეის მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი: „ნექსია თიეი ყოველთვის მოხარულია ჩაერთოს სათაო ოფისის აქტივობებში. ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების რეგიონის კონფერენცია კი შესანიშნავი შესაძლებლობაა საერთაშორისო გამოცდილების გასაზიარებლად.“

„წლევანდელ კონფერენციაზე ნექსია თიეი გამორჩეულად ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. სათაო ოფისმა ჩვენს ოფისს სპეციალური პრეზენტაცია მიუძღვნა და მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ბაზარზე ნექსიას ბრენდის პოპულარიზაციისათვის, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო.“ აცხადებს ნექსია თიეის მმართველი პარტნიორი დავით ლომიძე.