რატომ უნდა გააციფრულოთ თქვენი ბიზნესი?

ბიზნესის გაციფრულება

თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში სულ უფრო და უფრო იზრდება ციფრული სერვისების მიწოდების აუცილებლობა. შესაბამისად, ტრადიციული ბიზნეს პროცესების გაციფრულებამ, დღეს, როგორც არასდროს, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. იმისათვის, რომ მზარდ, კონკურენტულ ბაზარზე კომპანიამ შეძლოს პოზიციების გამყარება და შენარჩუნება, აუცილებელია, ფეხი აუწყოს ციფრული სამყაროს ახალ ტენდენციებს.

ბიზნესის ისეთი მრავალმხრივი ტრანსფორმაცია, როგორიც პროცესების გაციფრულებაა, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი და გამოწვევებით სავსე პროცესია, რომელიც გულისხმობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, არსებული ტექნოლოგიების გაუმჯობესებას, ბიზნეს მოდელების მოდიფიკაციას. შედეგად, მთლიანად იცვლება ორგანიზაციის საქმიანობის წესი, სამუშაო პროცესი, ორგანიზაციული სტრუქტურა და კულტურა.

ქვემოთ მოცემულია ციფრული ტრანსფორმაციის რამდენიმე უპირატესობა, რომელიც დაგანახებთ, თუ რატომ არის ციფრული კომპანია ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი, ტრადიციულთან შედარებით.

შეცდომების მინიმუმამდე შემცირება

ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის მონაცემთა ხელით შეყვანაზე უარის თქმა და შესაბამისად, არაეფექტურობისა და შეცდომების რისკის მინიმუმამდე დაყვანა. ციფრული პროცესები ნაკლებად სარისკოა, ვიდრე ის, რაც ადამიანის ჩარევას მოითხოვს.

მაგალითად: თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით სრულად გაციფრულებული და გამარტივებული ბუღალტრული პროცესები, ინფორმაციის გაცვლის ავტომატიზებული პორტალი და დოკუმენტბრუნვის პროცესი, კომპანიას უმარტივებს აღრიცხვას, ზოგავს აღრიცხვის ხარჯებსა და მინიმუმამდე დაჰყავს საგადასახადო რისკები.

მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდა

დიჯიტალიზაციის სტრატეგიის მიღება ნიშნავს კონკურენტებთან პოზიციურ უპირატესობას. მონაცემთა შეგროვება და დეტალური ანალიზი აუმჯობესებს კლიენტებთან ურთიერთობას. ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მთავარი ბიზნეს უპირატესობა, სწორედ, მომხმარებელთა ქცევის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციის მიღებაა. ციფრული სერვისების წყალობით, მომხმარებელი მუდმივად ინფორმირებულია განახლებული პროდუქტების/სერვისებისა და მათი გამოყენების შესახებ, რაც ქმნის უნიკალური შესყიდვის/გამოყენების/მოხმარების გამოცდილებას.

ამასთან, პროგრამული უზრუნველყოფა, სოციალური მედია და აპლიკაციები აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს – გაუადვილოს პროდუქტით/სერვისით სარგებლობის პროცესი.

ასე რომ, ციფრული ტრანსფორმაციის მთავარი მიზანია ტექნოლოგიების გამოყენება მომხმარებლის (და თანამშრომლების) გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

მონაცემების გენერირება

ციფრული ტრანსფორმაციის საშუალებით, შესაძლებელია მთელი ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა, რომელსაც, მომხმარებლები ტოვებენ ინტერნეტ სივრცეში: იქნება ეს საიტზე ვიზიტი, სოციალურ ქსელებში ინტერაქცია თუ საძიებო სისტემებით სარგებლობა. ყოველი ასეთი ქმედება იწვევს დიდი რაოდენობით მონაცემების გენერირებას, რომელიც კომპანიამ შეიძლება გააანალიზოს და გამოიყენოს თავისი  სამიზნე აუდიტორიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად.

პროგრამული უზრუნველყოფის მონეტიზაციის შესაძლებლობა

ჯერ კიდევ 2015 წელს, იმ დროს, როცა პროგრამული უზრუნველყოფის კონცეფცია ყველასთვის ძნელად გასაგები იყო, Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Microsoft Convergence-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე, ბიზნესისა და ინდუსტრიის ლიდერებით სავსე ოთახში თქვა: „ყოველი კომპანია არის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია“.  დღეს, კი ყველა ბიზნეს ლიდერმა იცის, რომ პროდუქტზე ორიენტირებული მიდგომიდან უნდა გადავიდნენ პროგრამულ მიდგომაზე და რომ პროგრამული უზრუნველყოფის მონეტიზაცია ბიზნესს აძლევს ROI-ს საუკეთესო მაჩვენებელს.

პროგრამული უზრუნველყოფის მართვის დანერგვა ქმნის ციფრულ ჩარჩოს, რომელიც კომპანიებს ეხმარება შემოსავლების ახალი ნაკადების იდენტიფიცირებაში, პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების შექმნასა და დაცვაში, მომხმარებლებთან ურთიერთობაში და ბიზნესის მნიშვნელოვან მონაცემებზე წვდომაში. თუმცა, დღეს კომპანიების უმეტესობამ ჯერ კიდევ არ იცის, როგორ გაააქტიუროს პროგრამული უზრუნველყოფის მონეტიზაციის ძრავები.

შიდა კომუნიკაციის გამარტივება და  გაუმჯობესება

კომუნიკაციების გასაუმჯობესებლად, ციფრული პლატფორმების შექმნა საუკეთესო გზაა. შიდა კომუნიკაციის პლატფორმა ზოგავს დროს უსარგებლო კომუნიკაციაში და შედეგად კომპანიის პროცესებიც უფრო სწრაფად და ეფექტურად ვითარდება. ციფრული ტრანსფორმაცია გამორიცხავს არაპირდაპირ კომუნიკაციებს, რეაგირების ნელ ტემპს, ინფორმაციის გაჟონვასა და იდეების არაეფექტურ გაზიარებას.

პროცესების სისწრაფე და ეფექტურობა

ციფრული ტრანსფორმაცია ქმნის უფრო სწრაფ, მარტივ და ეფექტურ პროცესებს. ავტომატური ციფრული სამუშაო ნაკადები, რომელიც შექმნილია ინფორმაციის სამართავად, თანამშრომლებს უზოგავს დროს და აძლევს საშუალებას უფრო სწრაფად განავითარონ დავალებული პროექტები და ამოცანები.

საოპერაციო ეფექტურობის გაზრდა

გაციფრულება ქმნის პროცესებისა და აქტივობების მართვის დროის გაუმჯობესებისა და ახალი სერვისების შექმნის შესაძლებლობას. მაგალითად, სამრეწველო წარმოების სექტორში, პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა საწყობისა და ლოგისტიკის უფრო სწრაფ მენეჯმენტს, გაყიდვებისა და მომხმარებელთა სრულყოფილ სტატისტიკასა და მომხმარებელთა სწრაფ რეაგირებას.

ციფრული ზრდა და განვითარება

ციფრული ტრანსფორმაციის სხვა უპირატესობებს შორის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ციფრული ტრანსფორმაცია არის საწყისი აქტი, რომელიც გზას უხსნის კომპანიის შემდგომ ზრდას. დღეს, ინტენსიური ტრანსფორმაციის მიმდინარე პერიოდში, ცვლილებისა და მოქნილობის უნარია, სწორედ,  ბიზნესის გადარჩენის გასაღები. პროდუქტები იცვლება, არსებული სანდო შემოსავლების ნაკადები იშლება და მომხმარებელთა მოთხოვნები მკვეთრად განსხვავდება, ვიდრე სულ რამდენიმე წლის წინ იყო.

ასე რომ, ციფრულ ტრანსფორმაციაში ინვესტიციის გარეშე, ბიზნესი ვერ გაუწევს კონკურენციას სხვა, უკვე გაციფრულებულ კომპანიებს. ციფრულ სამყაროში გადარჩენისთვის, ბიზნესმა უნდა  შეინარჩუნოს რიტმი. ამის შემდეგ, შეძლებს, სწორედ, ისარგებლოს ციფრული ტრანსფორმაციის უპირატესობებით, გააძლიეროს და გაზარდოს შემოსავლები მომავალი წლების განმავლობაში.