საერთაშორისო აუდიტორული კომპანია ნექსია თიეი, რომელიც უკვე 5 წელია საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს უკვე არაერთ რეიტინგში დაწინაურდა და გადავიდა წამყვან პოზიციებზე. კომპანიამ 2017 წელს „Nexia International”-ის 650 ოფისს შორის „წლის კომპანიის“ ტიტული მიიღო, ხოლო 2018 წელს მსოფლიოს #1 საბუღალტრო გამოცემის, IAB-ის მიერ დაჯილდოვდა ნომინაციაში: „ბუღალტერიის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“. 2019 წლის მონაცემებით ნექსია თიეი-მ რეკორდული, 196%-იანი ზრდა აჩვენა ფინანსური აუდიტის მიმართულებით, ხოლო საერთო რეიტინგში, ტოპ ათეულში 1 ადგილით დაწინაურდა. ნექსია თიეი ყოველთვის აღნიშნავს, რომ კომპანიის საერთაშორისო და ადგილობრივი მიღწევები თანამშრომლების პროფესიონალიზმისა და მათი გამოცდილების დამსახურებაა, ამიტომ ცდილობს დაკომპლექტდეს პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული კადრებით, ხოლო შემდეგ თავადაც ზრუნავს მათ პროფესიულ ზრდაზე. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ დღესდღეობით ნექსია თიეი-ს უკვე 300-ზე მეტი წამყვანი ფირმა ანდობს თავის ბუღალტრულ, აუდიტორულ, საგადასახადო თუ სხვა სერვისებს.
სულ ახლახანს, ნექსია თიეი-ს გუნდს, ახალი წევრი – გიორგი სამხარაძე შემოუერთდა, რომელიც ნექსია თიეი-ს აუდიტის ხარისხის კონტროლის მიმართულებას ჩაუდგა სათავეში. გიორგის საქართველოსა და საზღვარგარეთ მუშაობის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს. ის არაერთი წელი მუშაობდა დიდი ოთხეულის წევრ კომპანიებში და მართავდა პროექტებს: თბილისში, ბაქოში, ლუქსემბურგსა თუ ლონდონში.
ნექსია თიეი-ს ხარისხის კონტროლის მმართველი პარტნიორი გიორგი სამხარაძე: „სასიხარულოა, რომ დავბრუნდი საქართველოში და საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილების რეალიზების შესაძლებლობა სწორედ სამშობლოში მაქვს. ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმა თანმდევ პროცესებთან ერთად ქმნის, როგორც გამოწვევებს, ასევე მრავალ შესაძლებლობას. იზრდება კომპანიების გამჭვირვალობა, იმატებს ჯანსაღი კონკურენცია, იხვეწება ფინანსური ანგარიშგების დონე და შესაბამისად, უფრო და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა აუდიტის ხარისხზე მუდმივ ზრუნვას. წარმატებული საქმიანობის გამო ნექსია თიეი-ს ენერგიული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი სწრაფად იზრდება. ჩემის მხრივ, საერთაშორისო აუდიტორულ ფირმებში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება, როგორც თბილისში, ასევე ბაქოში, ლუქსემბურგსა და ლონდონში, დამეხმარა კომპანიის საჭიროებებისა და კომპეტენციების ჰარმონიულ თანხვედრაში.
ნექსია თიეი საერთაშორისო ქსელის (Nexia International) წევრი კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და ეთიკური პასუხისმგებლობით, რაც ემთხვევა ჩემს ღირებულებებს. კომპანიის ახალგაზრდული და აქტიური გუნდი სამუშაო გარემოს პროდუქტიულსა და საინტერესოს ხდის, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეფექტურად მოვახერხოთ აუდიტის ხარისხზე მუდმივი ზრუნვა.“