აუდიტორულმა კომპანია ნექსია თიეი-მ და კავკასიის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის ფარგლებში ნექსია თიეი და კავკასიის უნივერსიტეტი გეგმავენ ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით ხელი შეუწყონ სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მათ დასაქმებას.
მხარეების ურთერთშეთანხმების თანახმად უნივერსიტეტის სტუდენტებს დასაქმების ახალი შესაძლებლობა მიეცემათ. ხელშეკრულებას ხელი კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და აუდიტორული კომპანია ნექსია თიეი-ს მმართველმა პარტნიორმა გელა მღებრიშვილმა მოაწერეს.
გელა მღებრიშვილი, ნექსია თიეი-ს მმართველი პარტნიორი: „ მიუხედავად იმისა, რომ ნექსია თიეი და კავკასიის უნივერსიტეტი დიდი ხანია თანაშრომლობენ და ჩვენ უკვე დიდი ხანია წარმატებით ვასაქმებთ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩვენს კომპანიაში, ამ მემორანდუმით ჩვენს თანაშრომლობას ფორმალური მხარე შევძინეთ.
მიგვაჩნია, რომ მემორანდუმი ორივე მხარისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება, ხოლო კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ გამოიმუშაონ პროფესიული უნარ-ჩვევები და დასაქმდნენ ჩვენს კომპანიაში“ .
იოსებ ბერიკაშვილი, კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი: „ ეს მემორანდუმი ორმხრივად ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ეს არის დასაქმების ახალი პერსპექტივა ჩვენი სტუდენტებისთვის. ჩვენ ასევე ვაპირებთ აკადემიური კუთხითაც ვითანამშრომლოთ და განვახორციელოთ ბევრი ერთობლივი პროექტი.“