ადამიანური რესურსების პროფესიონალების როლი განსაკუთრებით დიდია კომპანიებში. ისინი ქმნიან და ხელს უწყობენ სამუშაო პროცესს, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის კულტურას, ზრდის ტემპსა და გრძელვადიან წარმატებას.
HR-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Nexia Georgia განსაკუთრებით ამაყობს HR გუნდით, რომელიც კომპანიის ლიდერობის გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია.
Nexia Georgia-ს ადამიანური რესურსების გუნდს ოთხი პროფესიონალი აერთიანებს. ისინი სხვადასხვა დროს შემოუერთდნენ კომპანიას და დღეს, საერთო კორპორატიული ღირებულებების მატარებლები და არაერთი ცვლილების ინიციატორები არიან. სტატიაში გაგაცნობთ მათ პროფესიულ გამოცდილებას, ხედვებსა და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ისინი გუნდის წევრების შერჩევისა და განვითარების პროცესებში ასრულებენ.
ელენე სმაგლიუკი, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
„Nexia Georgia-ს გუნდს ხუთი წლის წინ შემოვუერთდი და ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემს კარიერაში. დრო სწრაფად გავიდა – რაც მეტყველებს იმაზე, რომ გარემო საინტერესო, დინამიკური და მრავალფეროვანია. Nexia Georgia გამორჩეულია მეგობრული გუნდით. სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ თითოეულთან თანამშრომლობა არის შესაძლებლობა, განვითარდე როგორც პროფესიული, ასევე, პიროვნული კუთხით და იმუშავო ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად. ჩვენ ვცდილობთ, ყოველდღიურად წინ წავიდეთ და ერთად შევქმნათ ისეთი კომპანია, რომელიც წარმატებული იქნება. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ წარმატებას ვქმნით ჩვენ, დასაქმებულები, რომლებიც ჩვენს ცოდნასა და უნარებს ვიყენებთ კომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის.
პირადად ჩემი, როგორც HR-ის მიზანს წარმოადგენს ბალანსის დაცვა თანამშრომლებისა და კომპანიის ინტერესებს შორის. მიხარია, რომ ხშირად ეს ინტერესების თანხვედრაშია. ალბათ ძალიან გიმართლებს, როდესაც ისეთ პროფესიას ირჩევ, რომლის სამუშაო პროცესიც, სასიამოვნოსთან ერთად, ძალიან საინტერესოა. ჩემთვის, HR სწორედ ასეთი სფეროა, რომელიც საშუალებას გაძლევს, სხვა ადამიანების განვითარებას ხელი შეუწყო. უმნიშვნელოვანესია იმის გაცნობიერება, რომ შენი მუშაობა რეალურად ცვლის ადამიანების სამუშაო გარემოს და ხშირად, მათ მომავალსაც.
ადამიანური რესურსების პროფესიონალების როლი კომპანიისთვის სტრატეგიულია. მაგიდასთან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, აუცილებლად უნდა იყოს HR. ჩვენ ვქმნით პროცესებს, რომელიც კომპანიისა და თანამშრომლისათვის ადგენს დღის წესრიგს, სადაც ორივე მხარემ იცის თავისი როლი და პასუხისმგებლობები. ადამიანი მთავარი რესურსია და კომპანიამ უნდა იცოდეს, როგორ ესაუბროს, როგორ შექმნას მისთვის საჭირო სამუშაო გარემო და როგორ შეუწყოს ხელი განვითარებაში. დასაქმებულმაც უნდა იცოდეს, რომ კომპანიის წარმატება, მის წარმატებაზე პირდაპირპროპორციულად აისახება. მინდა, ვისარგებლო ამ პლატფორმითაც და ჩემს კოლეგებს მივულოცო ჩვენი პროფესიის საერთაშორისო დღე!
მარიამ ერგემლიძე, ადამიანური რესურსების შერჩევისა და განვითარების სპეციალისტი
„როდესაც HR-ში პირველი ნაბიჯები გადავდგი, ამ სფეროს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ HR იყო ადამიანი, რომელიც კომპანიას თანამშრომლის, კანდიდატს კი სამსახურის პოვნაში ეხმარებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ფსიქოლოგიის მიმართულებით ვსწავლობდი, ვიცოდი, ჩემი პროფესია დამეხმარებოდა ადამიანებთან ურთიერთობაში და ნაწილობრივ ასეც მოხდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნა საკმარისი არ არის ამ პროფესიისათვის.
Nexia Georgia-ში კარიერა სტაჟირებით დავიწყე. შემთხვევით შევიტყვე ადამიანური რესურსების მიმართულებით სტაჟირების შესაძლებლობის შესახებ და, როგორც სტუდენტმა, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა საბოლოოდ განსაზღვრული პროფესიული ორიენტაცია, გადავწყვიტე ამ სფეროს გაცნობა და შეფასება. სტაჟირების პროცესში მივხვდი, რომ HR მჭიდროდ უკავშირდებოდა იმ ფასეულობებს, რომლებიც ჩემთვის მნიშვნელოვანია – ადამიანებზე ზრუნვა, კომუნიკაცია და განვითარების ხელშეწყობა.
უკვე ოთხი წელია, რაც Nexia-ს გუნდის წევრი ვარ, ამ პერიოდის განმავლობაში, მნიშვნელოვანი გამოცდილება დავაგროვე და შემიძლია ვთქვა, რომ ამ სფეროში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა საშუალებას მაძლევს, კომპანიისა და თანამშრომლების ინტერესები სწორად დავაბალანსო და ხელი შევუწყო ორივე მხარის წარმატებას.
ვფიქრობ, HR უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ადამიანი ხდება კომპანიისთვის და თუ მანამდე ბევრისთვის ის მხოლოდ შერჩევის პროცესში იყო ჩართული, დღეს, კომპანიისთვის სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიის განვითარებაში.
სალომე შველიძე, ადამიანური რესურსების შერჩევისა და ადმინისტრირების სპეციალისტი
„დასაწყისში, ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო პროფესიის შეცვლა, რადგან მაქვს სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. იმ მომენტში არ ვფიქრობდი და მითუმეტეს არ ვგეგმავდი, რომ სხვა მიმართულებაში განვაგრძობდი საქმიანობას. როცა HR მიმართულებაზე მოვისმინე, ვიყავი ერთ-ერთი პროფესიული პროექტის მონაწილე, სადაც მყავდა მენტორი, რომელიც დაჟინებით მეუბნებოდა, რომ მეცადა ეს სფერო და დარწმუნებული იყო, რომ წარმატებას მივაღწევდი. ფიქრის შემდეგ დავთანხმდი, რომ ვცდიდი და მართლაც, დავიწყე პრაქტიკული საქმიანობა ამ სფეროში. დროთა განმავლობაში გავაცნობიერე, რომ ეს პროფესია იმაზე მეტია, ვიდრე მენეჯმენტის მიერ მოცემული დავალებების შესრულება.
HR-ს აქვს მედიატორის როლი მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის, ამავდროულად, ის უნდა იყოს მხარდამჭერი, ემპათიური და ობიექტური შემფასებელი. მისი პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ ორგანიზაციის სტრუქტურული განვითარება, არამედ ადამიანების ინდივიდუალური ზრდისა და მოტივაციის მხარდაჭერა. სწორედ ამ ორი მიმართულების ჰარმონიულად გაერთიანება განაპირობებს კომპანიის მდგრად წარმატებას.
ნექსიას HR გუნდს ორი წლის წინ შემოვუერთდი. ლინკდინის მეშვეობით დამიკავშირდა ჩემი ამჟამინდელი ხელმძღვანელი და მკითხა, თუ განვიხილავდი ახალ შეთავაზებას. ამრიგად, დაიწყო ჩემი მოღვაწეობა კომპანიაში. Nexia-ს გარემო ჩემთვის არის უშუალო და მეგობრული. ვიტყოდი, რომ ეს დიდი კომფორტია. ვისწავლე სტრესმედეგობა, საკუთარ თავზე მუშაობა დამეხმარა, ვყოფილიყავი პროდუქტიული ჩემს საქმეში. მე და ჩემი კოლეგები ვითვალისწინებთ, პატივს ვცემთ ერთმანეთის საქმეს და ვეხმარებით, რათა ერთად მივაღწიოთ სასურველ შედეგებს.
თამარ შარმაზანიშვილი, ადამიანური რესურსების შერჩევისა და განვითარების სპეციალისტი
„ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი თავი იპოვოს ისეთ საქმიანობაში, რომელიც მას განვითარების საშუალებას მისცემს და ამავე დროს, ეს პროცესი იქნება მისთვის სასიამოვნო/ მოტივაციის მომცემი. ესაა ჩემთვის – “HR”, რომელსაც უნდა უყვარდეს ზოგადად ადამიანები, მათთან კომუნიკაცია, იყოს ემპათიური, სამართლიანი და მაქსიმალურად შეინარჩუნოს საქმიანობაში ობიექტურობა.
HR პროცესები არ მოიცავს მხოლოდ თანამშრომლების დაქირავება/ ადმინისტრირებას – ესაა მეტად საინტერესო, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული პროცესი, რომლის მიზანიცაა, დაეხმაროს ორგანიზაციას მიზნების მიღწევაში, მუდმივად იზრუნოს თანამშრომლებსა და მათ განვითარებაზე.
Nexia Georgia-ს ადამიანური რესურსების გუნდს ცოტა ხნის წინ შევუერთდი. HR პროფესიონალების სოციალურ ქსელში ვნახე ვაკანსიის შესახებ, რის შემდეგაც გავაზიარე ჩემი რეზიუმე, ასე გავიარე რამდენიმე ეტაპიანი შერჩევა და გავხდი Nexia-ს გუნდის წევრი. ყოველთვის საინტერესოა ახალ გუნდთან მუშაობა, ახალი ღირებულებების გაზიარება, ამავე დროს, ამდენ პროფესიონალთან მუშაობა, რაც უფრო საინტერესოს ხდის სამუშაო პროცესს და გაძლევს განვითარების მეტ საშუალებას.