ERP და CRM სისტემების ინტეგრირების 5 ძირითადი ბენეფიტი

ERP და CRM სისტემების ინტეგრირების 5 ძირითადი ბენეფიტი

კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტის სისტემა CRM (Customer Relationship Management) და საწარმოს რესურსების მართვის სისტემა ERP (Enterprise Resource Planning) წარმოადგენენ ბიზნეს პროცესების სწორად და ეფექტურად მართვის საუკეთესო საშუალებებს. CRM მოიცავს გაყიდვებს, მარკეტინგს და კლიენტთა მომსახურებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ამ სისტემაში მიმდინარეობს ისეთი პროცესები, როგორიცაა მომხმარებელთა აქტივობების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, გაყიდვების კონტროლი, მოლაპარაკების ეტაპების მენეჯმენტი, მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. მეორე მხრივ, ERP-ში ხდება კომპანიის შიდა პროცესების აღრიცხვა-კონტროლი და შესაბამის ინფორმაციის გენერირება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სისტემა პრინციპულად სხვადასხვა ტიპის ოპერაციებზეა პასუხისმგებელი, არსებობს მნიშვნელოვანი თანაკვეთა, რის გამოც მათი ერთმანეთთან სრული ინტეგრაციისთვის დახარჯული თანხა და დრო სამომავლოდ იძლევა მნიშვნელოვან ბენეფიტებს.

  1. შიდა აღრიცხვისა და კლიენტებთან ურთიერთობის ცენტრალიზებულად მართვა

როგორც CRM, ასევე ERP სისტემებში არსებული ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს კლიენტებთან ურთიერთობების დეტალების შესახებ (მათ შორის საკონტაქტო ინფორმაცია, შეკვეთების ისტორია, გადახდები და ასე შემდეგ).

კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტის ინტეგრირებით ERP სისტემასთან შესაძლებელი ხდება კონკრეტული კლიენტის/კომპანიის შესახებ ინფორმაციას ვხედავდეთ ერთ სისტემაში, ერთ ლოკაციაზე იმის ნაცვლად, რომ გვიხდებოდეს ორ სხვადასხვა პროგრამაში ინფორმაციის მოძიება და გაერთიანება. ეს ზოგავს სისტემაში ინფორმაციის შეტანის დროსაც, რადგან ამის გაკეთება საჭირო ხდება მხოლოდ ერთხელ.

2. ინფორმაციის დუბლირების თავიდან აცილება

თუკი თქვენ ერთხელ მაინც გქონიათ შეხება ERP ან CRM სისტემებთან, გეცოდინებათ, რომ დუბლირებული ინფორმაციის არსებობა სისტემაში მისი მომხმარებლებისთვის მტკივნეული საკითხია. საწარმოს რესურსების მართვის სისტემა ფოკუსირებულია შიდა პროცესების აღრიცხვაზე, რაც გარკვეულწილად მოიცავს ინფორმაციას კლიენტების შესახებ, აქ კი ხდება გადაკვეთა კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტის სისტემასთან. სწორი მიდგომისა და სისტემების ინტეგრირების შემთხვევაში გადაკვეთის წერტილი მოძებნილია სწორად და გამორიცხავს ცალ-ცალკე სისტემებში ზედმეტი, განმეორებადი ინფორმაციის არსებობას.

3. ინფორმაციის ხედვისა და პროგნოზების გაკეთების გამარტივებული შესაძლებლობა

B2B ურთიერთობების უმრავლეს შემთხვევაში გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებს სჭირდებათ წვდომა საწარმოს რესურსების მართვის სისტემასთან, რათა მიიღონ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად შეკვეთის სტატუსი, შეიტანონ გარკვეული ინფორმაცია და ცვლილებები. ასევე მათ ძირითად საქმიანობას ახორციელებენ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტის პლატფორმაზე. ინტეგრირებული ERP და CRM სისტემები კი იძლევა დეტალური და ზუსტი ინფორმაციის რეალურ დროში დანახვის შესაძლებლობას. სწორად სტრუქტურირებული ინფორმაცია კი თავის მხრივ უზრუნველყოფს ზუსტი პროგნოზების გაკეთებას.

4. დეპარტამენტებს შორის კოლაბორაცია

ERP და CRM სისტემების გამოყენების ერთ-ერთი მთავარი ბენეფიტი სწორედ დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობაა.

შესაბამისი დაშვების უფლებებით კომპანიაში დასაქმებულებს შეაქვთ ან იღებენ ინფორმაციას ყველა საკითხის შესახებ, აღნიშნული პლატფორმების გამოყენებით აქვთ შიდა კომუნიკაცია, შესაბამისად, პროცესები მიმდინარეობს შეუფერხებლად.

5. კომერციული წინადადებებისა და შესაბამისი შეკვეთების გამარტივებული აღრიცხვა

სისტემების ინტეგრაციის არსებობის შემთხვევაში გაყიდვების გუნდის წარმომადგენელს შეუძლია კომერციული წინადადება აიღოს CRM სისტემიდან და ის შეკვეთის დოკუმენტად აქციოს ERP სისტემაში იმის ნაცვლად, რომ CRM-დან ამოღებული ინფორმაციის ხელახალი შეყვანა უხდებოდეს ERP-ში. ეს ზოგავს თანამშრომლის დროს და ენერგიას, შესაბამისად ზრდის კომპანიის ეფექტურობას.