ხელოვნური ინტელექტის როლი ბიზნეს პროცესების მენეჯმენტში

ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი (BPM) არის სისტემური სტრატეგია, რომელიც ეხმარება ბიზნესს შექმნას ეფექტური პროცესების ჯაჭვი. ის ეხმარება ორგანიზაციებს მუდმივად ცვალებად ბიზნეს გარემოსთან ადაპტაციაში.

ციფრული ტრანსფორმაცია დიდ როლს თამაშობს ბიზნეს პროცესების განვითარებაში, თავის მხრივ ხელოვნური ინტელექტი (AI) ამ გარდაქმნის განუყოფელი ნაწილი ხდება. ხელოვნური ინტელექტი ბევრი მიმართულებით ახდენს ბიზნეს გარემოს ტრანსფორმაციას, მათ შორის შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ოთხი:

1. განმეორებითი პროცესების ავტომატიზაცია

ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიმართულება სწორედ განმეორებითი ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციაა. RPA, ასევე ცნობილი, როგორც რობოტიზებული პროცესების ავტომატიზაცია, არის პროგრამული გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება მანქანურ სწავლებასა და ხელოვნურ ინტელექტს, საშუალებას იძლევა ადამიანური ჩარევის გარეშე შესრულდეს დიდი რაოდენობით განმეორებითი პროცესები ავტომატურად, გამართულად და მაქსიმალური სიზუსტით.

2. წინასწარი ანალიზი

ხელოვნური ინტელექტის უნიკალურ მახასიათებლად ითვლება, რომ ის შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა წყაროდან შეგროვებული მონაცემების შესასწავლად, ანალიზის გასაკეთებლად და მომავალი პროცესების პროგნოზირებისთვის. ბიზნესი იყენებს ამ შესაძლებლობას სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. AI-ს შეუძლია ისეთი მონაცემების დანახვა და ანალიზი, რასაც ადამიანის თვალი ვერ ამჩნევს. მაგალითად, მომხმარებელთა ონლაინ აქტივობებისა და ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებულად თავმოყრა შემდგომი მარკეტინგული აქტივობებისთვის.

3. მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდა

იყო დრო, როდესაც ხელოვნური ინტელექტისა და ბიზნეს პროცესების გამარტივების მთავარი მამოძრავებელი მოტივი იყო ყოველდღიურ საქმიანობაში ეფექტიანობის ზრდა. დღევანდელ რეალობაში აქცენტები კეთდება მომხმარებელთა კმაყოფილებაზე. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ბიზნეს პროცესების მენეჯმენტს ხელი მიუწვდება ისეთ მონაცემებზე, რომლებიც ზუსტად აღწერენ მომხმარებელთა ქცევასა და მათ შთაბეჭდილებებს მიღებული მომსახურების შემდეგ. ჩატბოტებისა და მსგავსი ტექნიკების გამოყენება არის ამის საუკეთესო მაგალითი. ეს ქმნის ერთგვარ პლატფორმას მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და მათი ლოიალურობის ზრდისთვის.

4. გადაწყვეტილების მიღების გამარტივება

ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შედეგად მოგვცა მანქანური სწავლების ალგორითმები, როგორიცაა მაგალითად გადაწყვეტილების ხეები და ნერვული ქსელები. ეს ალგორითმები ეხმარება მენეჯერებსა და ბიზნესის მფლობელებს, გადაწყვიტონ ყოველდღიური პრობლემები და მიიღონ გადაწყვეტილებები, როგორც მიმდინარე საკითხებზე, ასევე გრძელვადიანი პერიოდის გათვალისწინებით. AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მარტივ მოდელად შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგალითად, კომპანიამ უნდა გაუგზავნოს მომხმარებელს სარეკომენდაციო მეილი თუ საჭიროა ზარის განხორციელება.